არგვეთის არქეოლოგიური ექსპედიცია

არგვეთის არქეოლოგიური გათხრები “ლეიერკოს” ახალი სამეცნიერო პროექტია, რომლის განხორციელებაც 2025 წლის სექტემბერში დავიწყეთ. ისტორიული არგვეთის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების ტრადიციის გაგრძელება “ლეიერკოსთვის” პრიორიტეტულია.

არგვეთის სამეცნიერო არქეოლოგიური პროექტი განაგრძობს იმ საქმიანობას, რომელსაც, წლების წინ, საფუძველი ცნობილმა არქეოლოგმა და ისტორიკოსმა, პროფესორმა ზურაბ ბრაგვაძემ ჩაუყარა. პროექტში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საჩხერის მუნიციპალიტეტში, თოდაძის ციხის ფერდის არქეოლოგიურ შესწავლას, რაც, ასევე, პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის სახელთანაა დაკავშირებული. 

2022 წელს, ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით, თოდაძის ციხის შემოგარენში განხორციელდა პირველი არქეოლოგიური დაზვერვები, რომლის შედეგად ციხის სამხრეთ ფერდზე დადასტურდა ადრეული ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსული კულტურული ფენა, წინაანტიკური პერიოდის კედლის ნაშთი, ელინისტური და გვიანანტიკური სამაროვანი და ადრე შუა საუკუნეების ნამოსახლარი. ამ აღმოჩენებმა თოდაძის ციხის მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი ზემო-იმერეთში ერთ-ერთ გამორჩეულად აქცია.

ძეგლის აღმოჩენა და მეცნიერული შესწავლა წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც ისტორიული არგვეთის არქეოლოგიის შესწავლის, ისე აღმოსავლეთ კოლხეთის წარსულის რეკონსტრუქციის კუთხით. 

სამწუხაროდ, ზურაბ ბრაგვაძეს  ამ ძეგლის სრულად შესწავლა სიცოცხლეშივე არ დასცალდა. მის მიერ დაწყებულ მნიშვნელოვან სამეცნიერო საქმეს 2025 წლიდან “ლეიერკო” განაგრძობს.